English / ქართული / русский /
ლინა დათუნაშვილი
სოფლის მეურნეობის განვითარების თანამედროვე ტენდენციები მსოფლიო ეკონომიკაში

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია მსოფლიო სოფლის მეურნეობისა და მსოფლიო ეკონომიკის არსი, შეწავლილია სოფლის მეურნეობის რიგი თავისებურება, რომელთა ზეგავლენა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მემცენარეობის და მეცხოველეობის დარგებისა და ქვედარგების განვითარებას.

გეოგრაფიული მდებარეობისა და თერმული სარტყელის მიხედვით ნაშრომში გაანალიზებულია სოფლის მეურნეობის განვითარების სხვადასხვა დონე დედამიწის ხუთივე თერმული სარტყელის ტერიტორიაზე.

დარგის განვითარების დონის მიხედვით შესწავლილია განვითარებული ქვეყნების სასაქონლო სოფლის მეურნეობა, სადაც ინტენსიფიკაციის დონე მაღალია მექანიზაციის, წარმოების ქიმიზაციის, ბიოტექნილოგიის, სელექციის უახლესი მეთოდების გამოყენებით და განვითარებადი ქვეყნების სამომხმარებლო სოფლის მეურნეობა _ დაბალი პროდუქტიულობით, განვითარების ექსტენსიურო¬ბით, სპეციალიზაციის დაბალი დონით და სხვა. სტატიაში ხაზია გასმული განვითარებადი ქვეყნების სოფლის მეურნეობაში არსებულ მნიშვნელოვან სიძნელეებსა და სასურსათო უზრუნველყოფის დაბალ დონეზე, რაც მათი საწარმოო ძალებისა და წარმოებითი ურთიერთობების ჩამორჩენით არის გამოწვეული. აღნიშნულის გამო მრავალ განვითარებად ქვეყანაში სოფლის მეურნეობა ვერ აკმაყოფილებს ამ ქვეყნების მოსახლეობის მოთხოვნას სურსათზე, რის შედეგადაც მსოფლიოში 1 მლრდ ადამიანი შიმშილობს. აღნიშნული პრობლემების შესარბილებლად სტატიაში დასახულია რიგი ღონისძიება.

საკვანძო სიტყვები: მსოფლიო სოფლის მეურნეობა, მსოფლიო ეკონომიკა, მემცენარეობა, მეცხოველეობა, სასაქონლო და სამომხმარებლო მეურნეობა. 

შესავალი

სოფლის მეურნეობა მსოფლიო მეურნეობის მნიშვნელოვანი დარგია. იგი ყველაზე ძველი და უფრო მეტად დამოკიდებული დარგია ბუნებრივ პირობებზე, ვიდრე სხვა დარგები, ამასთან დედამიწის მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის იგი ცხოვრების წესია. მისი ძირითადი დანიშნულებაა: უზრუნველყოს მოსახლეობა საკვები პროდუქტებით, ხოლო მრეწველობის მრავალი დარგი (საკონსერვო, საფეიქრო, ფარმაცევტული, პარფიუმერია და სხვა) ნედლეულით.

მსოფლიო სოფლის მეურნეობა წარმოადგენს სისტემას, რომელიც შედგება ყველა ქვეყნის აგრარული წარმოებისაგან, განსხვავებული აგრარული ურთიერთობებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების სხვადასხვა დონით, მთლიანი და სასაქონლო პროდუქციის განხვავებული შემადგენლობით, მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის მართვის სხვადასხვა ხერხებითა და მეთოდებით.

კაცობრიობის განვითარების ისტორიის ადრეულ სტადიაზე სოფლისმეურნეობრივი წარმოების ადგილობრივი თავისებურებების ფორმირებაში (სოფლის მეურნეობის კულტურათა ნაირსახეობა, შინაური ცხოველების სახეები, აგროტექნიკური საშუალებების გამოყენების ხერხები და მეთოდები) განმსაზღვრელი როლი ტერიტორიის ბუნებრივ პირობებს _ კლიმატს, რელიეფსა და ნიადაგის ნაყოფიერებას, ასევე მოსახლეობის მიერ მეურნეობის მართვის ჩვევას _ ჰქონდა, რომელიც მიღწეული იყო საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონით. ყოველივე აღნიშნულის ერთობლიობა წარმოადგენდა ამ ქვეყნების ჩართვის შესაძლებლობას მსოფლიო მეურნეობაში. 

* * *

მსოფლიო ეკონომიკა, ეს არის ყველა ქვეყნის ეროვნული მეურნეობის ერთობლიობა, მათი ეკონომიკური ურთიერთკავშირი, რომელიც მოიცავს საგარეო ვაჭრობას, კაპიტალის გატანას, სამუშაო ძალის მიგრაციას და სხვა. მსოფლიო მეურნეობა ფლობს მზარდ საერთაშორისო კავშირებს და განიცდის რთულ ურთიერთგავლენას, რომელიც ექვემდებარება საბაზრო ეკონომიკის ობიექტურ კანონებს, ყოველივე აღნიშნულის შედეგად ყალიბდება წინააღმდეგობრივი, მაგრამ ერთიანი მსოფლიო ეკონომიკური სისტემა, რომელშიც სოფლის მეურნეობას განსაკუთრებული ადგილი და როლი გააჩნია.

სოფლის მეურნეობას რიგი თავისებურება ახასიათებს:

_ ამ სფეროში კვლავწარმოების ეკონომიკური პროცესი გადახლართულია ბუნებრივ პროცესებთან (გვალვა, სეტყვა, უხვი ნალექი და სხვა), რომელიც მნიშვნელოვნად ზემოქმედებს მემცენარეობის დარგების განვითარებაზე.

_ მიწათმოქმედების კულტურების ბუნებრივი ზრდა-განვითარების ციკლური პროცესი განაპირობებს ამ დარგში შრომის სეზონურობას.

_ მრეწველობისგან განსხვავებით, სოფლის მეურნეობაში ტექნოლოგიური პროცესები მჭიდროდ არის დაკავშირებული მიწასთან, როგორც წარმოების ძირითად საშუალებასთან. მისი სივრცობრივი მოცულობის განსაზღვრულობის გამო მიწა არამობილურია, ე. ი. შეუძლებელია მისი გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეზე, რაც სოფლის მეურნეობის პროდუქციის დივერსიფიკაციის შესაძლებლობებს მკვეთრად ამცირებს.

ФАО-ს სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მიწის ზედაპირის _ ნიადაგის 78% განიცდის მნიშვნელოვან ბუნებრივ შეზღუდულობას მიწათმოქმედების განვითარებასთან დაკავშირებით. ნიადაგის ფართობის 13% გამოირჩევა დაბალი _ 6% საშუალო და 3% მაღალი ნაყოფიერებით. ამჟამად დამუშავებულია ხმელეთის 11%, 24% გამოიყენება საძოვრებად. სოფლის მეურნეობის აღნიშნული თავისებურებები მნიშვნელოვნად განაპირობებს მსოფლიოში მემცენარეობისა და მეცხოველეობის განვითარებას.

მემცენარეობა მსოფლიო სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვანი დარგია, იგი პრაქტიკულად თითქმის ყველგან არის განვითარებული, გარდა ტუნდრისა და მაღალმთიანი რეგიონებისა; სოფლის მეურნეობის კულტურების ნაირსახეობიდან გამომდინარე, მემცენარეობის შემადგენლობა საკმაოდ მრავალფეროვანია.

მემცენარეობაში გამოყოფენ: მარცვლეულის, ტექნიკური კულტურების, მებოსტნეობის, მეხილეობის და საკვები კულტურების წარმოებას.

მარცვლეულ კულტურებს მიეკუთვნება: ხორბალი, სიმინდი, ბრინჯი, სელი, ქერი, წიწიბურა და სხვა. მათ შორის წამყვანს წარმოადგენს: ხორბალი, სიმინდი და ბრინჯი, რომლებზედაც მოდის მარცვლეულის მთლიანი მოსავლის 4/5. აღნიშნული სამი კულტურის ძირითადი მსოფლიო მწარმოებელია:

ხორბლის _ ჩინეთი, აშშ, რუსეთი, საფრანგეთი, კანადა;

ბრინჯის _ ჩინეთი, ინდოეთი, ინდონეზია, ტაილანდი, ბანგლადეში;

სიმინდის _ აშშ, მექსიკა, ბრაზილია, არგენტინა.

ხორბლის მთავარი ექსპორტიორები არიან: აშშ, კანადა, ავსტრალია; ბრინჯის _ ტაილანდი, აშშ; სიმინდის _ არგენტინა, აშშ.

სხვა საკვები კულტურებიდან გამოყოფენ ტექნიკურ კულტურებს: სოიოს, მზესუმზირას, არაქისს, კანოლას, ასევე ზეთისხილს; ზეთოვანი კულტურების ძირითადი მწარმოებლებია: სოიოს _ აშშ, მზესუმზირის _ რუსეთი; კანოლის _ ჩინეთი, არაქისის _ ბრაზილია. ტექნიკური კულტურებიდან მნიშვნელოვანია შაქრის ლერწმისა და შაქრის ჭარხლის წარმოება; პირველის ძირითადი მწარმოებელია ბრაზილია, ინდოეთი, კუბა; შაქრის ჭარხლისა კი _ უკრაინა, საფრანგეთი, რუსეთი, პოლონეთი.

ტუბერიანი კულტურებიდან გამოყოფენ კარტოფილს,  რომელიც დიდი რაოდენობით მოჰყავთ ევროპის ქვეყნებს, ინდოეთს, ჩინეთს და აშშ-ს.

ბოსტნეული კულტურების მოყვანა გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. მნიშვნელოვანია მატონიზირებელი კულტურების _ ჩაის, ყავისა და კაკაოს წარმოება და ექსპორტი. ჩაის ძირითადი ექსპორტიორია _ ინდოეთი, ყავისა _ ბრაზილია, კაკაოსი _ კოტ-დ, ივუარი.

არასაკვები კულტურებიდან აღსანიშნავია ბოჭკოვანი კულტურები: ბამბა, სელი, ჯუტი, ნატურალური კაუჩუკი, თამბაქო.

ბამბის ძირითადი ექსპორტიორია _ აშშ, უზბეკეთი, პაკისტანი, ჩინეთი, ინდოეთი, ეგვიპტე.

თამბაქოს ძირითადი მწარმოებელია ჩინეთი, უფრო მცირე მოცულობით თამბაქოს აწარმოებს ინდოეთი, ბრაზილია, იტალია, ბულგარეთი, თურქეთი, კუბა, იაპონია.

მეცხოველეობა, მემცენარეობასთან ერთად, მსოფლიო სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგია, იგი გავრცელებულია თითქმის ყველგან. მეცხოველეობის წამყვანი დარგებია: მესაქონლეობა, მეღორეობა, მეცხვარეობა, მეფრინველეობა.

მესაქონლეობა _ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ყველაზე დიდ რაოდენობას ფლობს აზიისა და ლათინური ამერიკის ქვეყნები. მესაქონლეობაში ანსხვავებენ სამ ძირითად მიმართულებას:

_ მერძეული (ძირითადად მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში _ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებშია გავრცელებული);

_ მერძეულ-მეხორცული (გავრცელებულია ტყისა და ტყესტეპის ზონაში);

_ მეხორცული (ზომიერად მშრალი და სუბტროპიკული სარტყელის რაიონები). მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ყველაზე მეტი სულადობა ჰყავს: ინდოეთს, ბრაზილიას, აშშ-ს, ჩინეთსა და რუსეთს.

მეღორეობა გავრცელებულია ყველგან ბუნებრივი პირობებისაგან დამოუკიდებლად. მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში, მსხვილი ქალაქებისა და ინტენსიური მეკარტოფილეობის რაიონებში. მეღორეობის მსოფლიო სულადობის თითქმის ნახევარს ფლობს ჩინეთი, შემდეგ აშშ, რუსეთი, გერმანია, ბრაზილია. მეცხვარეობა უპირატესად განვითარებულია იმ ქვეყნებში, რომლებიც ფლობენ საძოვრების დიდ ფართობს. ცხვრის ყველაზე დიდი რაოდენობა ჰყავთ ავსტრალიაში, ჩინეთში, ახალ ზელანდიაში, რუსეთში, ინდოეთში, თურქეთსა და ყაზახეთში;

მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებაში ლიდერობენ ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნები; ¾ხორცის წარმოების ¾3/4 მოდის აშშ-ზე, შემდეგ მოდის ჩინეთი და რუსეთი;

კარაქის და ზეთის წარმოებაში _ რუსეთი, გერმანია, საფრანგეთი;

რძის წარმოებაში _ აშშ, ინდოეთი, რუსეთი;

ფრინველის ხორცის _ საფრანგეთი, აშშ, ნიდერლანდი;

ცხვრის ხორცის _ ახალი ზელანდია, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი;

ღორის ხორცის _ ნიდერლანდი, ბელგია, დანია, კანადა;

ძროხის ხორცის _ ავსტრალია, გერმანია, საფრანგეთი;

მატყლის _ ავსტრალია, ახალი ზელანდია, არგენტინა.

თევზჭერას სოფლის მეურნეობის შედარებით ნაკლები ხვედრიწილი უკავია.

თუ დავაჯგუფებთ რეგიონებს გეოგრაფიული მდებარეობისა და თერმული სარტყელის მიხედვით, ვნახავთ, რომ სოფლის მეურნეობა სხვადასხვა დონით განვითარებულია დედამიწის ხუთივე თერმულ სარტყელში მდებარე ტერიტორიაზე, მაგალითად:

1. ცივ სარტყელს უკავია ვრცელი სივრცე ევრაზიისა და ამერიკის ჩრდილოეთით. არასაკმარისი სითბოს გამო მიწათმოქმედება ამ სარტყელში შეზღუდულია და შეიძლება განვითარდეს მხოლოდ დახურული გრუნტის პირობებში, საძოვრების დაბალი ნაყოფიერების გამო აქ განვითარებულია მეირმეობა.

2. გრილ სარტყელს უჭირავს ვრცელი ტერიტორია ჩრდილოეთ ევრაზიასა და ჩრდილო ამერიკაში, ასევე სამხრეთ ამერიკის ანდების წვრილი ზოლი. სითბოს უმნიშვნელო რესურსის გამო შეზღუდულია მრავალფეროვან კულტურათა მოყვანა.

3. ზომიერ სარტყელს სამხრეთ ნახევარსფეროში უკავია პატაგონია, ჩილეს სანაპირო, ტასმანიის კუნძულები და ახალი ზელანდია, სამხრეთით მოიცავს თითქმის მთელ ევროპას, ასევე მონღოლეთს, ტიბეტს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთს, სამხრეთ კანადას და აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ შტატებს. ეს არის მასიური მიწათმოქმედების სარტყელი; აქ ფართო ასორტიმენტით არის წარმოდგენილი სათესი კულტურები: ხორბალი, ქერი, ჭვავი, შვრია, სელი, კარტოფილი, ბოსტნეული. სარტყელის სამხრეთ ნაწილში მოჰყავთ: სიმინდი, მზესუმზირა, ბრინჯი, ყურძენი, ხილი. საძოვრების ფართობი შეზღუდულია, თუმცა განვითარებულია სამომთაბარეო მეცხოველეობა და აქლემების მოშენება.

4. თბილი სარტყელი შეესაბამება სუბტროპიკულ გეოგრაფიულ სარტყელს და წარმოდგენილია ყველა მატერიკზე ანტარქტიდის გარდა; ის მოიცავს ხმელთაშუა ზღვის, აშშ-ის ტერიტორიის დიდ ნაწილს, მექსიკის, არგენტინის, ჩილეს, სამხრეთ აფრიკის, ავსტრალიის და სამხრეთ ჩინეთის ტერიტორიებს. აქ წელიწადში ორი მოსავალი მოჰყავთ _ ზამთარში _ ზომიერი სარტყელის კულტურები (მარცვლეული, ბოსტნეული) ზაფხულში _ ერთწლიანი ტროპიკული (ბამბა) და მრავალწლიანი (ზეთისხილი, ციტრუსი, ჩაი, ბერძნული კაკალი, ლეღვი და სხვა).

5. ცხელ სარტყელს უჭირავს ვრცელი სივრცე აფრიკის, სამხრეთ ამერიკის, ავსტრალიის ჩრდილოეთ და ცენტრალური მალაიზიის არქიპელაგის, არაბეთის ნახევარკუნძულის, სამხრეთ აზიის ტერიტორიაზე. აქ მოჰყავთ ყავა და კაკაო.

თანამედროვე მსოფლიო მეურნეობა არაერთგვაროვანია. იგი აერთიანებს სახელმწიფოებს, რომლებიც ერთმანეთისგან გამოირჩევიან სოციალური სტრუქტურის, პოლიტიკური წყობის, საწარმოო ძალებისა და წარმოებითი ურთიერთობების განვითარების სხვადასხვა დონით, ასევე საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების განსხვავებული მეთოდებით, მასშტაბითა და ხასიათით.

სოფლის მეურნეობის როლი სხვადასხვა ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკაში მნიშვნელოვნად განსხვავებულია. დარგის განვითარების დონის მიხედვით გამოყოფენ სასაქონლო და სამომხმარებლო სოფლის მეურნეობას.

სასაქონლო სოფლის მეურნეობა გამოირჩევა მაღალი პროდუქტიულობით, განვითარების ინტენსივობით, სპეციალიზაციის მაღალი დონით, წარმოებული პროდუქციის დიდი ნაწილის ბაზარზე რეალიზაციის გათვალისწინებით. სასაქონლო სოფლის მეურნეობა დამახასიათებელია განვითარებული ქვეყნებისათვის, სადაც დარგის განვითარება ხდება მექანიზაციის, წარმოების ქიმიზაციის, ბიოტექნოლოგიის, სელექციის უახლესი მეთოდების გამოყენებით. დარგის წარმოების ინტენსიფიკაციამ და ტექნიკურმა გადაიარაღებამ მსხვილი მეურნეობა მიიყვანა ვიწრო სპეციალიზაციის წილის გადიდებამდე. ამასთან, სასაქონლო სოფლის მეურნეობა ატარებს ინდუსტრიულ ხასიათს, რამდენადაც იგი ჩართულია ერთიან აგროსამრეწველო კომპლექსში გადამამუშავებელ, შემნახველ, სატრანსპორტო და პროდუქციის გასაღების ერთიან სისტემაში.

სოფლის მეურნეობის განვითარებამ მნიშვნელოვნად მაღალ დონეს მიაღწია ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპის განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ამ სფეროში დასაქმებულია ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 2-6%. ამ ქვეყნებში სოფლის მეურნეობა ხასიათდება მეცნიერულად დასაბუთებული ორგანიზაციით, მაღალი მწარმოებლურობით, ახალი ტექნოლოგიის, სოფლის მეურნეობაში მანქანათა სისტემის, მინერალური და ორგანული სასუქების, გენური ინჟინერიისა და ბიოტექნოლოგიის გამოყენებით.

სამომხმარებლო სოფლის მეურნეობა დამახასიათებელია განვითარებადი ქვეყნებისათვის. იგი გამოირჩევა დაბალი პროდუქტიულობით, განვითარების ექსტენსიურობით, სპეციალიზაციის დაბალი დონით და სხვა. ამ სახის  სოფლის მეურნეობისათვის დამახასიათებელია ჩამორჩენილი მიწათმოქმედება გუთნისა და თოხის (ცოცხალი სამუშაო ძალის) გამოყენებით, სადაც განვითარებულია მომთაბარე მესაქონლეობა, თევზჭერა და მონადირეობა.

განვითარებად ქვეყნებში ჭარბობს მცირე სასაქონლო სამომხმარებლო სოფლის მეურნეობა მარცვლეულის დაბალი მოსავლიანობით. აღნიშნული სექტორი წარმოდგენილია წვრილი მეურნეობებით, რომლებსაც მოჰყავთ ძირითადად სამომხმარებლო კულტურები.

განვითარებადი ქვეყნების სოფლის მეურნეობაში არსებული მნიშვნელოვანი სიძნელეების ძირითადი მიზეზი ამ სფეროში მათი საწარმოო ძალებისა და წარმოებითი ურთიერთობების ჩამორჩენაში მდგომარეობს. მაგ., ლათინური ამერიკის რიგი სახელმწიფოსათვის დამახასიათებელია ლატიფუნდიები _ მიწის ვრცელი მფლობელობა, რომელთა საფუძველს მემამულური ტიპის მეურნეობა წარმოადგენს. აზიისა და აფრიკის უმრავლეს ქვეყანაში, მსხვილი მეურნეობების გვერდით, ფართოდ არის გავრცელებული ფეოდალური და ნახევრადფეოდალური ტიპის მეურნეობები. აგრარული ურთიერთობების თავისებურებებმა და სხვა ფაქტორებმა გამოიწვია ის, რომ მსოფლიოს მრავალ განვითარებად ქვეყანაში სოფლის მეურნეობა ვერ აკმაყოფილებს, გარკვეული ზომით მაინც, ამ ქვეყნების მოსახლეობის მოთხოვნას სურსათზე. დღემდე მოსახლეობის იმ ნაწილის რაოდენობა, რომელიც ვერ ახერხებს მიიღოს აუცილებელი საკვები, საკმაოდ დიდია და ერთ მილიარდს მაინც შეადგენს. კვების რაციონში ცილებისა და ცხიმების ნაკლებობა უარყოფითად აისახება მათ ჯანმრთელობასა და სამუშაო ძალის ხარისხზე. ამ ქვეყნებში შიმშილით ყოველწლიურად 20 მლნ ადამიანი იღუპება. ექსპერტების გამოთვლით, საკვებზე თვითუზრუნველყოფის ძალიან დაბალი დონე აქვს მსოფლიოში 24 სახელმწიფოს, საიდანაც 22 აფრიკის ქვეყანაა. აღნიშნული მდგომარეობის შერბილების მიმართულებით მოშიმშილე ქვეყნებისათვის სასურსათო დახმარების აღმოჩენაში დიდი მნიშვნელობა აქვს მათთვის სურსათის შესაძენად შეღავათიანი კრედიტის გადაცემას ან ფულად-მატერიალური რესურსების უსასყიდლოდ ჩუქებას. ამ ქვეყნებს სასურსათო დახმარებას უწევენ მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტის განვითარებული ქვეყნები. ბოლო პერიოდში იზრდება ევროკავშირის ქვეყნების როლი აღნიშნული პრობლემის შესარბილებლად.

სპეციალისტები აღიარებენ, რომ მსოფლიოში საკვების წარმოებას, მოხმარებასა და გადანაწილებას შორის თანაფარდობის სტიქიურობა დაუშვებელია. პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია ამ კუთხით საერთაშორისო სტრატეგიის შემუშავება, რაც შეიძლება რიგ მიმართულებაში გამოიხატოს. პირველი, ეს არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის გადიდება.

ამჟამად საზოგადოება ეფექტურად იყენებს სახნავის მხოლოდ 0,34 ჰა-ს ერთ სულზე, მაშინ როდესაც არსებობს ამ ფართობის გადიდების საკმარისი რეზერვი. ამ რეზერვის არსებობის ხარჯზე სოფლის მეურნეობაში მიწის ფართობი შეიძლება გადიდდეს, მაგრამ ეს პროცესი მაინც შეზღუდულია, რადგან მიწის ფართობის დიდი ნაწილი წვრილკონტურიანობის, მთაგორიანობის და სხვა მიზეზის გამო ძნელად ექვემდებარება დამუშავებას ან მისი დამუშავებისთვის დიდი კაპიტალდაბანდება არის საჭირო.

მეორე მიმართულებაა აგრარული წარმოების ეფექტურობის ამაღლებისათვის ეკონომიკური რესურსების დაბანდების გადიდება. მეცნიერული გათვლებით, თუ დღეს გამოყენებული მიწის ფართობის დასამუშავებლად გამოყენებული იქნება მოწინავე ტექნოლოგიები, მაშინ უკვე შესაძლებელი იქნება, სოფლის მეურნეობის პროდუქციით გამოიკვებოს დღევანდელთან შედარებით გაცილებით მეტი ადამიანი.

განვითარებადი ქვეყნების აგრარულ ურთიერთობებში არსებული ჩამორჩენის დასაძლევად, სოფლის მეურნეობის სტრატეგიული განვითარების მესამე მიმართულებას წარმოადგენს აგრარული რეფორმების ღრმა და თანმიმდევრული გატარება, თითოეული ამ ქვეყნის თავისებურებებისა და სპეციფიკური პირობების გათვალისწინებით. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ ნეგატიური შედეგების ლიკვიდაციაზე, რაც დაკავშირებულია აფრიკისა და ლათინური ამერიკის რიგ ქვეყნებში არსებულ ლატიფუნდიებსა და აზიის ქვეყნებში დანაწევრებულ წვრილ გლეხურ მეურნეობებზე. აგრარული რეფორმების გატარებისათვის მიზანშეწონილია, ფართოდ იქნეს გამოყენებული ის დადებითი გამოცდილება, რომელიც დაგროვდა განვითარებულ ქვეყნებში, სახელდობრ: სახელმწიფოს როლის გადიდება სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, სამართლებრივი ბაზის სრულყოფა, მატერიალურ-ფინანსური და საკანონმდებლო მხარდაჭერა წვრილი და საშუალო მეურნეობების განვითარებისათვის და სხვა.

მეოთხე მიმართულებად შეიძლება განვიხილოთ საერთაშორისო თანამშრომლობა და განვითარებული ქვეყნების დახმარება უფრო ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისათვის. ამ თანამშრომლობის მიზანია არა მხოლოდ ყველაზე დიდი პრობლემის _ სურსათის უკმარისობის შემსუბუქება, არამედ განვითარებადი ქვეყნების შიდა შესაძლებლობების სტიმულირება, მათი ყოველმხრივი დახმარება როგორც ეკონომიკის, ისე სხვა დარგების განვითარებაში.

მსოფლიო მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის შერბილების მიზნით სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული გამოკვლევის  შედეგად მიღებული გრძელვადიანი პროგნოზით, რომელიც ერთობლივად შეიმუშავეს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების და ФАО-ს სპეციალისტებმა, განვითარებულ ქვეყნებში შეიძლება ველოდოთ მარცვლეულის მთლიან მოხმარებაში იმპორტის წილის გადიდებას 24-26%-დან 30%-მდე. ამ ქვეყნებში მეცხოველეობის საკვებად ხორბლის გადიდებული გამოყენების გამო. წარმოების ზრდის უფრო მაღალი ტემპის პროგნოზია ნავარაუდევი ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში (2050 წლისათვის 2,8-ჯერ 2008 წელთან შედარებით). რითაც 60%-დან 50%-მდე შეიძლება შემცირდეს ამ ქვეყნების დამოკიდებულება იმპორტზე, რაც არ იქნება საკმარისი. ამიტომ უფრო ქმედითი ღონისძიებების გატარება იქნება საჭირო განვითარებული ქვეყნების მხრიდან, რათა ხელი შეუწყონ ხორბლის წარმოების გადიდებას უშუალოდ ამ ჯგუფის ქვეყნებში.

ხორცისა და რძის წარმოების განვითარების პროგნოზით რძის წარმოება მსოფლიოში გაიზრდება მაღალი ტემპით და 2050 წლისათვის მან შეიძლება მიაღწიოს 1222 მლნ ტ. რაც 80%-ით მეტია, ვიდრე 2008 წლის მონაცემები. ამ პროცესში დიდი წვლილი უნდა შეიტანოს განვითარებადმა ქვეყნებმა, სადაც რძის წარმოება თითქმის 2,2-ჯერ გაიზრდება. მაგრამ არსებითი განსხვავება მერძეული მეცხოველეობის პროდუქტიულობაში განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის პერსპექტივაში მაინც დარჩება. პერსპექტივაში, გგანვითარებად ქვეყნებში უნდა ველოდოთ ძროხების სულადობის რამდენადმე შემცირებას მათი პროდუქტიულობის ამაღლების ხარჯზე, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, გავადიდოთ მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი მცენარეული სასურსათო რესურსების წარმოება და მოსახლეობის ღარიბი ფენების სასურსათო რაციონში ავამაღლოთ ცილების წილი.

საპროგნოზო გათვლებით, გაიზრდება ძროხის ხორცის წარმოება და მოხმარება. 2050 წლისათვის ზრდის მაჩვენებელმა შეიძლება 60%-ს გადააჭარბოს; ღორის ხორცის წარმოებამ _ 77%-ს, ქათმის ხორცის წარმოება კი შესაძლებელია გაიზარდოს 2,15-ჯერ. ამასთან, პროგნოზით შესაძლებელია მეხორცული დარგის წარმოების ზრდის წინმსწრები ტემპი განვითარებად ქვეყნებში, რომლებიც შეძლებენ დაიკმაყოფილონ შიგა მოთხოვნა საკუთარი წარმოების ხარჯზე. ნაკლებად განვითარებად ქვეყნებში, პროგნოზით, ძროხის და ღორის ხორცზე მოთხოვნის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკმაყოფილდება შიგა წარმოების ხარჯზე, მაშინ, როდესაც ქათმის ხორცის მოხმარების 40% დაიფარება იმპორტით.

პროგნოზით, თუ მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით, სასურსათო პროდუქტების მოხმარება (ენერგეტიკული ეკვივალენტით) 2001-2030 წლებში გაიზრდება 2950 კკალ-მდე, 2050 წლისათვის ამ მაჩვენებელმა შეიძლება მიაღწიოს 3130 კკალ-მდე. ამასთან, განვითარებად ქვეყნებში სურსათის მოხმარება რამდენჯერმე სწრაფად გაიზრდება, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში.

აღნიშნული პროგნოზის გარდა, მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია მსოფლიო სოფლის მეურნეობის განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივები, რომელიც დაკავშირებულია კლიმატის გლობალურ ცვლილებასთან (დათბობა). ეს გავლენა ხელსაყრელია ზომიერი სარტყელის უფრო ცივ ტერიტორიაზე მდებარე ქვეყნებისათვის და ნაკლებად ხელსაყრელი სუბტროპიკული რეგიონებისთვის. კლიმატის რეგიონულმა ცვლილებებმა უკვე მოახდინა გავლენა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ფიზიკურ და ბიოლოგიურ მრავალფეროვნებაზე. საშუალო და მაღალ განედებზე გაიზარდა მემცენარეობის კულტურების სავეგეტაციო პერიოდი. შეიმჩნევა ცხოველების ეკოლოგიური არეალის გადანაცვლება ზღვის დონიდან უფრო მაღალ განედებზე.

მრავალი პროგნოზის შესაბამისად, ნალექების, გამდინარე წყლებისა და ნიადაგის ტენიანობის საშუალო წლიური ოდენობის შემცირებამ შეიძლება გაამწვავოს ნიადაგის გაუდაბნოების პრობლემა, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ცხოველებისა და მცენარეების მრავალი სახეობის შემცირებას და ნეგატიურად აისახოს ეს პროცესი სოფლის მეურნეობაზე (განსაკუთრებით აფრიკაში).

აზიის მრავალ ქვეყანაში კლიმატურმა პირობებმა შეიძლება გაამწვავოს სოფლის მეურნეობის პრობლემა ზღვის დონის აწევის, წყალდიდობებისა და გვალვების, ტროპიკული ციკლონების და სხვათა გამო. აღნიშნულმა პრობლემებმა შეიძლება ამ რეგიონში სასურსათო უსაფრთხოების შემცირება გამოიწვიოს. აზიის ჩრდილოეთ რაიონებში შეიძლება გაფართოვდეს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფართობი და ამაღლდეს მათი ნაყოფიერება.

ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში კლიმატის ცვლილებებმა ზომიერი სარტყელის კულტურების ზრდაზე თავიდან თუ დადებითი გავლენა იქონია, ამ პროცესის შემდგომი განვითარების შემთხვევაში, პერსპექტივაში, უარყოფითი შედეგია მოსალოდნელი. შეიძლება განადგურების საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს გარკვეული ბიოლოგიური სახეობები, რომლებიც შეზღუდულ კლიმატურ პირობებში არსებობენ და შორს გაადგილების უნარი ნაკლებად გააჩნიათ.

ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში დათბობის დადებითი გავლენა მოსალოდნელია სოფლის მეურნეობაზე, ხოლო სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპისა და ლათინური ამერიკის მრავალ ქვეყანაში სოფლის მეურნეობის წარმოების შემცირებაა მოსალოდნელი.

ჩრდილოეთ ამერიკაში დათბობამ შეიძლება სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების შემცირება გამოიწვიოს, ხოლო იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ამ რეგიონის უფრო ჩრდილოეთით მდებარეობს, შესაძლებელია სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ზრდას ჰქონდეს ადგილი. სავარაუდოდ, განვითარებული ქვეყნები შეძლებენ კლიმატის ცვლილებებთან შეგუებას, საპირისპიროდ იმ ქვეყნებისა, რომელთაც ამ უნარის შეზღუდული შესაძლებლობა გააჩნიათ.

დღეისათვის მოწმენი ვართ კლიმატის გლობალური ცვლილების ზოგიერთი გამოვლენის, როგორიც არის უხვი ნალექით გამოწვეული წყალდიდობები, ხშირი ტორნადო და ცუნამი, რომელთაც ადგილი აქვს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში (ამერიკის დასავლეთ სანაპირო და რუსეთის ზოგიერთი რაიონი). კლიმატის გლობალური ცვლილებების გამო მილიონობით ადამიანი რჩება საცხოვრებლის გარეშე, რასაც თან ერთვის ამ რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნათესების განადგურება.

აღნიშნული პროცესების ზეგავლენით განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის შემცირდება სურსათის მოხმარების დონეებს შორის განსხვავება,  რაც კაცობრიობის უფრო სტაბილური განვითარების გარკვეული საფუძველი გახდება. 

გამოყენებული ლიტერატურა

1. დათუნაშვილი ლ. სტრუქტურული ცვლილებები საქართველოს სოფლის მეურნეობაში. თსუ პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული, ტომი VIII, თსუ პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა. თბილისი, 2015.

2. გუროვა ი. მსოფლიო ეკონომიკა. სახელმძღვანელო. თბილისი, 2014.

3. Пузаков Е. П. Мировая экономика. Ростов-на Дону. Феникс, 2008.

4. Халевинская Е. Д. Крозе И. Мировая экономика: Учебное пособие. М. Юристь, 2008.

5. bestreferat.rureferat-336759.html - МИРОВАЯ ЭКОНОМИКА. на тему: Тенденции развития сельского хозяйства в мировой экономике. 2010.

6. finuni.ru…tendencii…selskogo…v-mirovoy-ekonomike/ - Мировая экономика. Основные тенденции развития сельского хозяйства в мировой экономике. 2010.